English / ქართული / русский /
მიხეილ ჩიკვილაძე
სახელმწიფო ბიუჯეტი, ეკონომიკური ზრდა, სახელმწიფო ვალი, გადასახადები – 2023 წლის გამოწვევები

ანოტაცია. საქართველოს 2023 წლის ძირითადი გამოწვევებია სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტისა და სახელმწიფო ვალის შემცირება, რასაც თან უნდა სდევდეს ეკონომიკური ზრდისა და საგადასახადო შემოსავლების მობილიზაციის სტაბილურობა. მთავრობამ უნდა შეამციროს მაღალპროცენტიანი შიდა ვალის აღება, რომლის მომსახურება ბიუჯეტის ხარჯების ზრდის წინაპირობაა. 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების მიუხედავად, ის მაინც მაღალი რჩება და მთავრობა მის შემცირებას უნდა ეცადოს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ფასებისა და ლარის გამყარებას.

საკვანძო სიტყვები: ბიუჯეტი, ინფლაცია, მიგრაცია, პანდემია, ექსპორტი, იმპორტი, მშპ. 

საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით 2023 წლის 1 კვარტალი მაღალი ეკონომიკური ზრდით ხასიათდება, რამაც მიმდინარე წლის მარტში 7,3 % შეადგინა, ხოლო 2023 წლის 1 კვარტალის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7,2 %-ს გაუტოლდა.

ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა მშენებლობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის, ტრანსპორტის, დასაწყობებისა და ვაჭრობის სექტორებმა, ეს მაშინ, როდესაც  2022 წლის 10 თვეში ეკონომიკა 10 %-ით გაიზარდა.  ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ძირითადად აღინიშნებოდა შემდეგი მიმართულებებით:  ელექტროენერგიის მიწოდება 52 %, ინფორმაცია-კომუნიკაცია 45 %, ტრანსპორტი 29 %, სამთომოპოვებითი მრეწველობა 42 %, სასტუმრო-რესტორნები  21 % და სხვ. 

2023 წლის ბიუჯეტის თანახმად, ეკონომიკური ზრდა 5 %-ს გაუტოლდება.

საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 10,5 %-ით გაიზარდა, რაც, ძირითადად, პოსტ­პან­დემიური პერიოდის ,,დამსახურებას“ უნდა მიეწეროს, ხოლო 2020 წლის 6,8 %-იან კლებას, 2019 წელთან შედარებით, მომდევნო წელს 13 %-იანი ზრდა მოჰყვა.

აღმოჩნდა, რომ უკრაინა-რუსეთის ომმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელების ნაცვლად დააჩქარა, მიზეზი რუსეთიდან და ბელორუსიდან საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსული 100 000-ზე მეტი მიგრანტია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიგრაცია, პირველ რიგში, უძრავი ქონების სექტორს დაეტყო, გაიზარდა საცხოვრებელი ბინების ყიდვასა და ქირავნობაზე მოთხოვნა, ამასთან ერთად რუსეთიდან ფულადი გზავნილებით საქართველომ 3,5 მლრდ დოლარი მიიღო. მაღალ ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, აგრეთვე, იანვარ-ნოემბერში 32 %-ით გაზრდილმა ექსპორტმაც. 2020 წლის 11 თვეში ექსპორტით საქართველომ 1,2 მლრდ დოლარით მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე 2021 წლის 11 თვეში. 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 15 %-ით გაიზარდა, რაც ძირითადად პოსტპანდემიურ ეფექტთან იყო დაკავშირებული.

საგულისხმოა ისიც, რომ  2022 წელს მთავარი გამოწვევა მაღალი ინფლაციის ტემპი იყო, რამაც ფასების სწრაფი (11 %-მდე) ზრდა  გამოიწვია.  საქართველოში 2022 წელი მოსალოდნელზე პოზიტიური აღმოჩნდა პანდემიის დასრულების მხრივ. გაზაფხულიდან პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები თითქმის მოიხსნა, გათა­ვისუფლდა ტურიზმის სექტორი შეზღუდვებიდან, მნიშვნელოვნად შემცირდა ქვეყნის ბიუჯეტიდან კოვიდ-19-ის  დაფინანსება. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო ამ ქვეყნების მოქალაქეთა საქართველოში მიგრაციამ საქართველოს ეკონომიკის ზრდა დააჩქარა და ლარის კურსი გაამყარა, რამაც, თავის მხრივ, სახელმწიფო ვალის ტვირთის შემსუბუქება გამოიწვია.

ლარის კურსი დოლარის მიმართ 2022 წლის დასაწყისში 3.08  იყო, ომის დაწყების შემდეგ კი სწრაფად გაუარესდა და მაქსიმუმს (3.40-ს) მიაღწია, რის შემდეგაც ლარმა გამყარება დაიწყო. ეს პროცესი 2022 წლის დეკემბრამდე გაგრძელდა და დოლარ­თან მიმართებით 2.66 ლარი შეადგინა. ასეთი დაბალი ლარის კურსი 2019 წლის შემდეგ აღარ ყოფილა, რაც  განაპირობა ქვეყანაში შემომავალი დოლარის  ნაკადების ზრდამ. 2022 წლის დეკემბერში 2021 წლის დეკემბერთან შედარებით ლარის საშუალო გაცვლითი კურსი 13, 3 %-ით იყო გამყარებული. წლიური ინფლაციის დონემ 2022 წლის იანვარ-ნოემბერში 10,4 % შეადგინა, ინფლაცია კიდევ უფრო მაღალი იყო წლის დასაწყისში (13,9 %), რაც ბოლო ათი წლის რეკორდული მაჩვენებელია. ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები სურსათსა და  უალკოჰოლო სასმელებზე  (16,8 %) და სხვ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად სიმინდის ფქვილი (83 %-ით), საპონი  (43 %-ით), კარტოფილი და რძის შემცველი პროდუქტები  (39 %-ით) გაძვირდა.

ყურადღებას იქცევს ის გარემოებაც, რომ საშუალო გაცვლითი კურსის გათვალისწინებით ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან და ევროსთან მიმართებით ზედმეტად იქნა  გამყარებული. მიმდინარე წლის იანვარში სებ-ის მიერ სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარის წმინდა შესყიდვამ 155 მლნ შეადგინა, რაც 1 თვისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. გარდა იმისა, რომ წმინდა სავალუტო შემოდინებები ძლიერია, როგორც ჩანს იანვარში ლართან შედარებით უცხოურ ვალუტაში უფრო მეტმა საკრედიტო აქტივობამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ პერიოდში  (იანვარი) 0,3 %-იანი დეფლაცია დაფიქსირდა, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი კი იანვრის 9,4 %-იდან 8,1 %-მდე შემცირდა მაშინ, როდესაც წინა თვეების მსგავსად ინფლაციის მოდერაცია ძირითადად კვლავ იმპორტულ პროდუქციაზე მოდიოდა. ამჟამად სამომხმარებლო ფასების დინამიკის სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც ინფლაციის შემცირების არგუმენტია, რაც საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირებაზე მიანიშნებს. აღსანიშნავია ისიც, რომ დოლართან და ევროსთან მიმართებით ლარის საშუალო გაცვლითი კურსის გარკვეულწილად ზედმეტი გამყარება იკვეთება, თუმცა ეს ინდიკატორი განსაკუთრებით მოკლევადიან, თუნდაც ერთწლიან პერსპექტივაში ლარის კურსის საზომად არ უნდა იქნეს  მიჩნეული, ის მაინც მნიშვნელოვანი ორიენტირის როლს ასრულებს.

არ შეიძლება სათანადო ყურადღება არ იქნეს გამახვილებული საგადამხდელო ბალანსზე, ვინაიდან  საგადამხდელო ბალანსი ქვეყანაში შემოსული და ქვეყნიდან გასული  სავალუტო ნაკადების მოცულობას ასახავს. საქართველოსთვის შემავალ სავალუტო ნაკადებს ძირითადად ექსპორტი (ფულადი გზავნილები, ტურიზმი მომსახურების ექსპორტი) აგენერირებს, ხოლო მომავალი ნაკადების მთავარი წყარო იმპორტია. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემების შეფასებით 2022 წლის განმავლობაში საქართველოს საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი განსაკუთრებით დაბალი იყო და მშპ-ის მხოლოდ 3-3,5 %-ს შეადგენდა მაშინ, როდესაც 2021 წელს დეფიციტი 10 %-ს აღემატებოდა, 2020 წელს კი 12 %-ს, სწორედ საგადამხდელო ბალანსის გაუმჯობესებაა ლარის გამყარების ერთ-ერთი ძირითადი  მიზეზი.

საქართველოს მთავრობის  მიერ 2023 წელს აღებული ვალი 3, 6 მლრდ ლარია, საიდანაც 1,2 მლრდ ლარის ადრე აღებულ  ვალს დაფარავს, ახალი 3,6 მლრდ ლარის ვალიდან 1,4 მლრდ  ლარი საშინაო ვალზე მოდის, ხოლო 2,2 მლრდ ლარი საგარეო ვალია. ვალი 2023 წლის ბოლოს 31 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 39 % იქნება. ეს მაშინ, როდესაც  2022 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით ვალი მშპ-ის მიმართ დაახლოებით 41 % იყო. ყურადსაღებია ისიც, რომ  ვინაიდან მთავრობის ვალის 76 % უცხოურ ვალუტაშია, ლარის კურსის გამყარება ლარში გამოხატულ ვალს საგრძნობლად შეამცირებს. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ  ბოლო წლებში მაღალ პროცენტში (10 %-მდე)  აღებული  საშინაო ვალის გამო, 400 მლნ ლარით იზრდება მთავრობის ვალის მომსახურების ხარჯი. 2023 წელს სესხის პროცენტის დაფარვის ხარჯი 1,55 მლნ ლარი იქნება, რაც ბიუჯეტისათვის საკმაოდ დიდი ტვირთია.

რაც შეეხება გრანტებს, 2022 წელთან შედარებით 2023 წელს 63,0 მლნ ლარით მცირდება მისაღები გრანტების პროგნოზული მოცულობა და იგი 280 მლნ ლარს შეადგენს. ყველაზე დიდი კლება ევროკავშირის მიერ გამოყოფილ გრანტებშია, 2022 წელთან შედარებით 2023 წელს საქართველოს მთავრობა ევროკავშირისაგან 83 მლნ ლარით ნაკლებ გრანტს მიიღებს, სულ კი, ევროკავშირისაგან მისაღები თანხა 145 მლნ ლარს გაუტოლდება.

ძალზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 21, 3 მლრდ ლარი იქნება, რაც 2022 წლის ბიუჯეტის შემოსავლებზე 1,5 მლრდ ლარით (7,3 %-ით) მეტია, ასეთ მატებას საგადასახადო შემოსავლების 1,5 მლრდ ლარით დაგეგმილი ზრდა განაპირობებს. შემოსულობების ყველაზე მსხვილი  მუხლი  შემოსავლები  2023 წელს 17,2 მლრდ ლარი იქნება, რაც 2022 წლის ბიუჯეტის შემოსავლებზე 1,5 მლრდ ლარით (7,3 % ) მეტია.

ბიუჯეტის შემოსავლები, როგორც უკვე აღინიშნა,  საგადასახადო შემოსავლებს, გრანტებსა და სხვა შემოსავლებს მოიცავს. ჯამური შემოსავლების დაგეგმილ ზრდას საგადასახადო შემოსავლების 1,5 მლრდ ლარით მატება განაპირობებს, მათ შორის, 6 მლნ ლარით უნდა გაიზარდოს დღგ-ით მიღებული თანხა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ  დღგ-ის უკან დაბრუნებით 2022 წელს ბიზნესმა 2,3 მლრდ ლარი მიიღო. აღნიშნული სისტემის ჩამოყალიბებიდან 2022 წლის ბოლომდე ბიზნესს 5 მლრდ ლარზე მეტი დაუბრუნდა. საგულისხმოა ისიც, რომ 2022 წელს აზარტული თამაშების სექტორმა ბიუჯეტში 739 მლრდ ლარის გადასახადები შეიტანა, რაც წინა წელთან შედარებით 65 % -ით მეტია. მიღებული გადასახადების ზრდა 2022 წელს დაბეგვრის სისტემის ცვლილებას უკავშირდება, კერძოდ, ბიზნესს უწევს მოგების გადასახადის სახით მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის 10 %-ის გადახდა, ამასთანავე 2022 წელს შეიცვალა აზარტული თამაშების რეგულირების პირობები და 25 წლამდე პირებს თამაში აეკრძალათ, ასევე აიკრძალა თამაშების რეკლამირებაც. 2022 წლის 1 მარტიდან აკრძალულ პირთა სიაში დღეისათვის შეტანილია 1 457 526  პირი, დამოკიდებულ პირთა სიაშია რეგისტრირებული 4901  ფიზიკური პირი.   საშემოსავლო გადასახადიდან მიღებულმა შემოსავალმა სახელმწიფო ბიუჯეტში 516 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო 116 მლნ ლარი მოგების გადასახადიდან მიღებული შემოსავალია.

ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 2023 წელს 15 მლნ ლარით იზრდება, რაც ჯარიმებიდან, საურავებიდან 15 მლნ ლარით მეტი შემოსავლის მიღებით არის განპირობებული, ხოლო პრივატიზაციიდან (არაფინანსური აქტივების კლებიდან) 200 მლნ ლარის მიღებაა მოსალოდნელი, რაც 100 მლნ ლარით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით. ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი 2,3 მლრდ ლარი (მშპ-ის 2,9 %) იქნება. 2022 წლის ბიუჯეტში ეს მაჩვენებელი მშპ-ის 3,1 %-ია, მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს ბიუჯეტის დეფიციტი კანონით დაშვებულ საზღვრებშია, ის მაინც მაღალ ნიშნულზეა, რაც სათანადო ანალიზსა და რეაგირებას საჭიროებს.

ზემოაღნიშნული მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზიდან  გამომდინარე, მიზანშეწონილად გვესახება  სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის ამაღლების მიზნით  განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს პროგრამული ბიუჯეტის სწორად შედგენის პროცესს. საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ეფექტიანობის ასამაღლებლად სრულყოფას საჭიროებს პროგრამული ბიუ­ჯეტის სწორად შედგენის პროცესი, აგრეთვე ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები, რომლებიც ამჟამად დანართშია მოცემული, ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის ძირითადი ტექსტის ნაწილი უნდა გახდეს. ამასთან ერთად, როგორც უკვე აღინიშნა,  მთავრობამ უნდა შეამციროს მაღალპროცენტიანი შიდა ვალის აღება, რომლის მომსახურება ბიუჯეტის ხარჯების ზრდის წინაპირობად გვესახება. მიუხედავად დადებითი ტენდენციებისა,   2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება, თუმცა ის მაინც მაღალია  და მის შესამცირებლად გადაუდებელი ღონისძიებებია გასატარებელი, რაც თავის მხრივ  ფასებისა და ლარის კურსის სტაბილურობას შეუწყობს ხელს. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ანანიაშვილი ი., პაპავა ვ., გადასახადები, მოთხოვნა და მიწოდება. თბილისი, გამომცემლობა ,,სიახლე“, 2009.
  2. ბახტაძე ლ., კაკულია რ., ჩიკვილაძე მ., საგადასახადო საქმე. თბილისი, 2007.
  3. კოპალეიშვილი თ., ჩიკვილაძე მ., გადასახადები და დაბეგვრა. თბილისი, 2011.
  4. ჯიბუტი ა., კაკულია რ., ბახტაძე რ., საჯარო ფინანსები. თბილისი, 2007.
  5. პაპავა. ვ., არატრადიციული ეკონომიქსი: მეთოდოლოგია და მეთოდიკა. თბილისი, თსუ,  2020.
  6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო https:mof.ge, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტი.
  7. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მასალები, საქართველოს 2020, 2021, 2022, 2023  წლების სახელმწიფო ბიუჯეტი.
  8. საქართველოს საგადასახადო კოდექსი, თბილისი. 2010.
  9. Chikviladze, M. (2018) The Share in Percentage of Taxes in GDP. Ecoforum Journal. Volume 7, Issue 1 (14).
  10. Atanelishvili, T., Chikviladze, M., Silagadze, N. (2017). About State Financial Control. Ecoforum Journal. Volume 6, Issue 1 (10).
  11. Bedianashvili, G (2017) Benchmarking ASL research methhod for obtaining system knowledge of the state intitutional development. J. information models and analyses volume 6, number 1. pp. 84-89
  12. Gaganidze. G (2018), forign trade of Georgia, Moldova and Ukraine with the European union after signg the Association agreement, Ekoforum journal, 7, issue 1 (14).
  13. Kopaleishvili, T., Chikviladze, M. (2011). Taxes and Taxation. Tbilisi.
  14. Silagadze, A., Atanelishvili, T., Silagadze, N. (2019). Economic Doctrines: The Origins. Published by Nova Science Publishers, Inc. New York.
  15. Silagadze, A., Zuniashvili, T. (2016). Georgia`s Economy against the Background of the Associate Agreement with the European Union. International Journal of Business and Management Studies, 59, 2: 533-540. (USA).
  16. Zubiashvili, T., Chikviladze, M., Silagadze, N. (2018). Some Aspects of state External Debt. Ecoforum Journal 7 (2).